ლაურა – დაუჯერებელია…
მედიკო (რომელიც სუფრასთან ჩერდება. ხელში კერძიანი თეფში უჭირავს) – რა არის დაუჯერებელი, ქალბატონო ლაურა?
ლაურა – პრინციპში, ყველაფერი დაუჯერებელია, რაც ამ წამს ხდება, და რაც მანამდე მოხდა…
ანრი (ღვინის ჭიქას აწევს) – მოდით!.. (ხმადაბლა) დავლიოთ…
რეზო – ეს ყველაზე კარგი საქმეა, რასაც ახლა გავაკეთებთ… (ანრის ჭიქას მიუჭახუნებს და სვამენ).
ხათუნა – თქვენ, კაცები, დალევთ მაინც… (ტირის) ჩვენ რა უნდა ვქნათ?..
ანრი (ჩაიცინებს) – რასაც ახლა აკეთებ… (კერძს გადაიღებს და მიირთმევს).
მედიკო – რაღაცას ვიტყვი… თქვენი ნებართვით… (პაუზა) დღეს უმძიმესი დღე იყო…
ანრი (აწყვეტინებს) – მე პირიქით მგონია…
(ხანგრძლივი პაუზა. ყველა ანრის მიჩერებია).
რეზო – რაღაცას ამბობდი, მედიკო…
მედიკო – ისეთს არაფერს… შენ თქვი რამე…
რეზო (მხრებს აიჩეჩავს) – მე რა ვთქვა?.. მძიმე დღე იყო დღეს, მართლაც…
(ყველანი, ანრის გარდა, ღვინოს სვამენ. საჭმელს მიირთმევენ).
ანრი – კარგია საჭმელი?.. (უხერხული პაუზა) ყველანი მეზიზღებით…
ხათუნა – ანრი?! (ჩანგალი გაუვარდება)
ლაურა – არა უშავს, ხათუნა… (ლოცვების პაწაწინა წიგნს გადაშლის და კითხულობს).
რეზო (ლაურას) – რას კითხულობთ, ქალბატონო ლაურა?..
ლაურა (თავაუღებლად) – ფსალმუნებია…
რეზო – მორწმუნე ხართ?..
მედიკო (წამოდგება და ანრისთან მიდის) – ჩვენ ცოტა ხნით დაგტოვებთ…
ანრი – ვინ-ჩვენ?..
მედიკო – ცოტა ხნით წამოწექი, დაისვენე…
ხათუნა – მართალს გეუბნება… (ამოიოხრებს და ღვინოს მოსვამს).
ანრი – ცოტა ხანი ნურავინ ნუ დამელაპარაკება…
რეზო (ლაურას) – მიბრძანდით თქვენს სახლში და იქ იკითხეთ ეგ ლოცვებია თუ ფსალმუნები…
ხათუნა – რეზო?!
ლაურა (ხათუნას) – არა უშავს, ხათუნა…
რეზო (ხათუნას) – გისმენთ ყურადღებით…
მედიკო (ანრის გვერდით ამოუდგება) – წამოდი…
ანრი – სად?..
მედიკო – წამოწექი…
ანრი – ახლა მინდა, რომ იყოს ივლისი… მე, საცვლების ამარა, ვიწვე სოფლის სახლის აივანზე და ბნელ ღამეში ჭრიჭინების ხმას ვუსმენდე… (კეფის უკან ხელებს შემოიწყობს და ჭერს ახედავს) ეხ…
ლაურა (რეზოს) – ამ ლოცვებში ნანას და ლიზიკოს ვიხსენიებ… ანრის ცოლს და შვილს… როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი?..
რეზო – ქალბატონ ლაურას გაუმარჯოს! (ღვინოს გამოცლის და ჭიქას მაგიდაზე ხმაურით დაახეთქებს).
ლაურა (წამოდგება) – მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ… (კარისკენ გაემართება).
ხათუნა (წამოხტება) – არ წახვიდე…
ლაურა (წიგნიან ხელს აწევს) – ჩემს სახლში უნდა წავიდე და იქ ვიკითხო ეს ლოცვებია თუ ფსალმუნები…
მედიკო (ხათუნას) – სადაც უნდა იქ წავიდეს… ბავშვი ხომ არ არის?..
ხათუნა (ღელავს. მედიკოს) – შენ ვინ გეკითხება? საკუთარ სახლში ხარ?
ლაურა (ხათუნას) – კარგი, გენაცვალე, ნუ ნერვიულობ… (მობრუნდება და სუფრას მიუჯდება).
ხათუნა (ტირის) – აღარ ვიცი, რა ვქნა…
ანრი (ხმამაღლა) – ამ ჭიქით!.. (ყველა ჩუმდება და ანრისკენ მობრუნდება) ამ ჭიქით… (წამოდგება. ხმადაბლა) ლაურა დეიდას გაუმარჯოს… მის გვერდში დგომას… (ჭიქას გამოცლის და მაგიდაზე ხმაურით დადგამს).
რეზო (ღვინოს მოსვამს) – სიკეთისა და სათნოების განსახიერება… ქალბატონი ლაურა…
ანრი (ცინიკურად) – რეზო, ძალიან გთხოვ… (ქათმის ბარკალს მადიანად მიირთმევს).
ხათუნა (ტირილით) – რამდენს უნდა გავუძლო?..
ლაურა – ცოტა ხანში აქ ბატონი მურაზი მოვა…
ანრი (ლაურას) – ვინ მოვა?..
ლაურა – ბატონი მურაზი. ჩვენი ქალაქის მერი.
ანრი – აქ რა უნდა?..
ლაურა – თქვენს სანახავად… მოგისამძიმრებთ… (პაუზა) მე მგონი, მართლა ჯობს, წავიდე… (ნელ-ნელა წამოდგება).