ლაურა – მე ბატონ მურაზს კიბეებზე შევეგებე!.. თან ეს ოთახი ნანახი არ მქონდა… (ირგვლივ მიმოიხედავს).

მურაზი (ანრის) _ ჩვენს სახელმწიფოს არაფერში ჭირდება შრომისუუნარო და სასოწარკვეთილი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ რის გამო არიან ისინი სასოწარკვეთილი და შრომისუუნარო…

ლაურა (მურაზს გვერდით აეტუზება) – დღევანდელ ჩვენს ქვეყანას ენერგიული, განათლებული და მოტივირებული მოქალაქეები ჭირდება, რომლებიც ორიენტირებული არიან სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განვითარებისკენ, ქვეყნისთვის სასარგებლო ინოვაციების დანერგვისა და დასახული ამოცანების გადაჭრისკენ…

მურაზი (აღტაცებული) – ეს რა მაგარი ქალბატონი ყოფილა!.. (ლაურას) რა გქვიათ თქვენ?..

ლაურა (კეკლუცად) – ლაურა…

მურაზი – ყოჩაღ, ქალბატონო ლაურა… თუმცა, მე ხომ უკვე გაგიცანით… (ანრის მიუბრუნდება. პიჯაკის ჯიბიდან დიდ, სქელ კონვერტს ამოიღებს) – მე ახლა უნდა დაგტოვოთ, მანამდე კი… (ანრისთან მიდის. საწოლზე ჩამოჯდება) ეს, რასაკვირველია, საერთოდ არაფერს ნიშნავს და ვერც ვერაფერს შეცვლის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას, თუმცა შესაძლოა, მომავალი შეცვალოს… თუკი რა თქმა უნდა, სწორად გამოიყენებთ… (ქაღალდის შეკვრას ანრის გაუწვდის) გამომართვით…

ანრი – რა არის ეს?..

მურაზი – სახელმწიფო კომპენსაცია… 18 ათასი ნაღდი ფულით… (შეკვრას ახლოს მიუტანს) აიღეთ. მე წავალ, გემშვიდობებით…

ანრი – არ მინდა… დიდი მადლობა…

მურაზი (ხმადაბლა) – ასე არაფერი გამოვა, ანრი… (შეკვრას საწოლზე დადებს) თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ, და თქვენთვისაც გრძელდება სიცოცხლე, მიუხედავად ყველაფრისა… ეს ფული კი, ამჟამინდელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ცოტათი მაინც დაგეხმარებათ… ჩვენი ქვეყანა არც ისე ძლიერია, და წელში გამართული, რომ ადამიანების სისუსტე აიტანოს… ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა ასე დაგეხმაროთ! აიღეთ ეს ფული და სიკეთეში მოიხმარეთ! (წამოდგება) მე უნდა დაგტოვოთ… (დიდ ოთახში გამოდის. მაგიდასთან შედგება. თითქოს თავის თავს ელაპარაკება) შეიძლება სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ სახელმწიფოც ხომ ადამიანია?.. უფრო სწორად – ადამიანთა ჯგუფია. (ოთახიდან ანრი გამოდის და მერის უკან ჩერდება) თანაც, მოდი, ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ… (პაუზა) სახლში რომ დარჩენილიყვნენ, რა მოხდებოდა?.. არც არაფერი… (პირს გააწკლაპუნებს) ასეა…

ანრი – ვინ არიან საცოდავები?..

მურაზი (მოულოდნელობისგან შეხტება. მოტრიალდება) – ბატონო?..

ანრი (აკანკალებულ ხელში ფულით სავსე კონვერტი უჭირავს. ცინიკურად) – თქვენდამი სიყვარული და თქვენზე ლოცვა ამაღამ არ დამაძინებს…

მურაზი (ნაძალადევი ღიმილით) – არ მესმის?..

ანრი – ახლავე გაჩვენებთ, რას ვგრძნობ ამ წუთას… (კონვერტს ხსნის).

მურაზი (აღელვება ეტყობა) – რას აკეთებთ?..

ანრი – ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ…

მურაზი (ანრის. მკაცრად) – თქვენ გგონიათ, რამეს დამიშავებთ?..

ანრი (ცინიკურად) – არც მიფიქრია… თქვენ ფიქრობთ ამაზე, პატივცემულო… (კონვერტს გაუწვდის) გამომართვით და ახლავე მიბრძანდით აქედან…

ხათუნა – ანრი, თუ გიყვარვარ, შეწყვიტე…

ლაურა (ანრის) – საკუთარ მიცვალებულებს მაინც ეცი პატივი…

მურაზი (დაძაბულობის გასაფანტად ხმამაღლა ჩაახველებს. ანრის) –ქალბატონი ლაურა მართალია… მკვდრებს უნდა სცე პატივი… მკვდრებს მაინც…

ანრი (კონვერტიდან ამოღებულ ბანკნოტებს მურაზს მთელი ძალით სახეში შეაყრის. ხათუნა და ლაურა წამოიკივლებენ) – მომავალ აფეთქებამდე…

(მურაზი გაშეშებული დგას. ლაურა და ხათუნა მიმოფანტულ ბანკნოტებს მიცვივდებიან და კრეფენ).

მურაზი (საათზე დაიხედავს) – ქალბატონო ლაურა…

ლაურა (მურაზთან მოირბენს) – დიახ, ბატონო მურაზ…

მურაზი (ანრის თვალს არ აშორებს) – ახლა საღამოს რვის ნახევარია. ხვალ, დილის 9 საათზე დავბრუნდები და აი, (ანრისკენ თითს გაიშვერს) ამ მოქალაქისგან საბოლოო პასუხს მოვისმენ – იტოვებს სახელმწიფო კომპენსაციას თუ უარს ამბობს… (პაუზის შემდეგ) კარგად ბრძანდებოდეთ… (ანრის) ნახვამდის, (ცინიკურად) ანრი…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15