(ერთაქტიანი დრამა)

 

მოქმედი გმირები:

ანრი – 41 წლის;

მედიკო – ანრის მეზობელი. გაუთხოვარი ქალი, 39 წლის;

რეზო – ანრის ახლო მეგობარი, 42 წლის;

ლაურა – ხათუნას მეგობარი, 63 წლის;

ხათუნა – ანრის დედა, 77 წლის;

ბატონი მურაზი – ქალაქის მერი, 44 წლის;

 

მოქმედება ხდება ანრის ბინაში.

მოქმედების დრო: ამჟამინდელი.

 

პირველი სცენა

 

ანრის ბინა. ოთახის შუაგულში სუფრაა გაშლილი. მაგიდას რეზო, ლაურა და ხათუნა უსხედან. მედიკოს სამზარეულოდან თეფშებით კერძები შემოაქვს და სუფრაზე ალაგებს. ოთახში არეულობაა: კომოდზე ჩარჩოში ჩასმული ფოტოებია მიყრილი. ლარნაკში ყვავილების თაიგულია მოთავსებული, იქვე პაწაწინა კანდელი ბჭუტავს. სუფრასთან ყველა მდუმარედ ზის. არავინ არაფერს მიირთმევს. რეზოს თავი ჩაუქინდრავს. ხათუნა პულსს ისინჯავს. ლაურას ლოცვების პაწაწინა წიგნი გადაუშლია და ტუჩებს აცმაცუნებს.

ოთახში მედიკო შემოდის. თეფშებით საჭმელი შემოაქვს.

ხათუნა – ვინ შეჭამს ამდენს?.. გეყოფა.

მედიკო – ახლავე, ხათუნა დეიდა…

ხათუნა – ანრი სად არის?

მედიკო – საძინებელში. ტანსაცმელს გამოვიცვლიო…

ხათუნა – ხომ გთხოვე, მარტო ნუ დატოვებ-მეთქი… (წამოდგება)

მედიკო – აი, გამოდის…

(ხათუნა სამზარეულოში გადის. საძინებელი ოთახიდან ანრი გამოდის. პერანგის სახელოებს იკრავს. შედგება. ხათუნას ცოტა ხანი მდუმარედ მიჩერებია. სახეზე მკრთალი ღიმილი ეხატება).

ხათუნა – აბა, როგორ ხარ?..

ანრი (თითქოს გამოერკვევა. მხრებს აიჩეჩავს) – რატომ ადექი?..

ხათუნა – ისე ავდექი… ისე…

ლაურა (ლოცვების წიგნიდან თავს აიღებს. ანრის) – მედიკომ უთხრა შენზე, ოთახში შევიდაო და… ოდნავ აღელდა…

რეზო – ხათუნას ეგონა, რომ თავის მოკვლა გინდოდა…

ხათუნა – რეზო?!

ანრი – რატომ არაფერს მიირთმევთ?..

ლაურა – მე აქ საჭმელად არ მოვსულვარ…

ანრი – რეზო, ღვინო დამისხი… (სუფრას მიუჯდება).

რეზო (ჭიქებში ღვინოს ასხამს) – საჭმელად არც ჩვენ მოვსულვართ, ქალბატონო ლაურა, მაგრამ…

ლაურა – ყველა სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით, გეთაყვა…

რეზო – ხმა არ ამომიღია… (ანრის შეხედავს. თითქოს მას ეუბნება) ისე თქვით, თითქოს თქვენ გარდა, ყველა საჭმელად ვიყავით მოსულები, და გიპასუხეთ…

ლაურა – თქვენ ვინ ბრძანდებით?..

რეზო (აგრძელებს) – სხვა არაფერი მითქვამს… რა ბრძანეთ?..

ლაურა – მე თქვენ არ გიცნობთ…

რეზო (ჩაიცინებს) – ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს… (პაუზა) მე რეზო მქვია… ახლა ხომ მიცნობთ?..

ანრი – რეზო ჩემი უახლოესი მეგობარია, ქალბატონო ლაურა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15