ლაურა – მე მგონი, ეს სიტყვა ტაშს იმსახურებს…

(ყველანი ტაშს უკრავენ. ხათუნა ცრემლებს იწმენდს. ლაურა პირჯვარს გადაიწერს და ფსალმუნების პატარა წიგნს სამჯერ აკოცებს).

ლაურა (ანრის გასაღებს გაუწვდის) – აი, კარის გასაღები.

(ანრი გასაღებს გამოართმევს, ჩანთებს ზურგზე მოიგდებს და კარს აღებს. ღია კარში მურაზი დგას).

მურაზი – დილა მშვიდობისა, ანრი!

ანრი (უკან დაიხევს) – მობრძანდით…

მურაზი (ოთახში შემოდის) – ტაშის ხმა მომესმა, და ალბათ რაღაც კარგი ხდება აქ… (ანრის) არა, ბატონო ანრი?.. (ლაურას ხელზე ეამბორება და ეფერება. ლაურა კეკლუცობს) ბატონო ანრი, მითხარით თქვენი საბოლოო პასუხი და სადაც გნებავთ, იქ მიბრძანდით. (ანრისკენ მობრუნდება) ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ დილის 9 საათზე პასუხს მეტყოდით?.. (საათზე დაიხედავს) ახლა ზუსტად ათის შვიდი წუთია… მე კი ძალიან ცოტა დრო მაქვს…

ლაურა (ოთახის ცენტრში გამოდის) – ბატონო მურაზ! ანრი თანახმაა…

მურაზი (თვალები გაუბრწყინდება) – მართლა?!

ლაურა – დიახ! ის სრულად აცნობიერებს სახელმწიფოს უდიდეს როლს რიგითი მოქალაქის სრულფასოვანი ცხოვრების მოწყობაში! მას კარგად ესმის, რომ თქვენ – კარგად გესმით მისი! და მან მიიღო გადაწყვეტილება – აიღოს ფული და შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ! ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს!

მურაზი – ასეც ვიცოდი! შესანიშნავია, ბატონო ანრი! (პაუზა) იცით, ჩვენი ხელისუფლების მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო – მეტი სარგებელი და ნაკლები საზრუნავი ხალხს! მეტი სარგებელი ნებისმიერ შემთხვევაში! თუნდაც ეს უბედური შემთხვევა იყოს… თუ ბედისწერაა, უბედურება ხომ ყველა შემთხვევაში მოხდება?.. და თუკი ამ შემთხვევაშიც ჭირისუფალი გარკვეულ სარგებელს მიიღებს, ეს ხომ ოდნავ მაინც შეამსუბუქებს იმ ტრაგედიას, რაც მოხდა, და რაც ბედისწერის კანონით, გარდაუვალი იყო?.. (სახეზე ხელებს აიფარებს და ქვითინებს) მე ახლაც შოკში ვარ იმის გამო, რაც თქვენს თავს მოხდა, ბატონო ანრი… მთელი გულით ვიზიარებ თქვენ მწუხარებას, ბატონო ანრი… (ქვითინებს. ლაურა ხელსახოცს გაუწვდის).

მედიკო – რაც მოხდა, მოხდა. ანრის ყველაფერი შესანიშნავად ესმის…

მურაზი (ცრემლებს იწმენდს) – მართლა?.. (მედიკოს) თქვენი სახელი, ქალბატონო?..

მედიკო – მედეა…

მურაზი – მართლა ასეა, ქალბატონო მედეა?..

ხათუნა – ჩემი შვილი ხელახლა იბადება, ბატონო მურაზ…

მურაზი – ხოდა, მოდი ტაშით შევხვდეთ ანრის ხელახლა დაბადებას!!!

(ყველანი, ანრისა და რეზოს გარდა, მხურვალედ უკრავენ ტაშს. აპლოდისმენტები უფრო და უფრო მღელვარე ხდება. მოისმის შეძახილები. იწყებენ სკანდირებას: `ან-რი! ან-რი! ან-რი!~. ანრი ჩანთებს დაწვდება და კარს გააღებს).

მურაზი (ანრისთან მიირბენს. დანარჩენებს) – მეგობრებო, მოდით, მომეხმარეთ!

ლაურა (მურაზთან მიირბენს) – ჰაერში ავაგდოთ?..

მურაზი – რა თქმა უნდა!

ლაურა – ბრწყინვალე იდეაა, ბატონო მურაზ!!! (ლიკას და ვახოს) წავიდეთ, ბავშვებო!

(ყველანი ანრის მიცვივდებიან. ხელში აჰყავთ).

მურაზი – აბა! მესამე თვლაზე! ერთი! (ატატებულ ანრის ქვევიდან ზევით აქანებენ) ორი! სამი!!!

(ყველანი ერთად, ანრის ჰაერში ააგდებენ. ეს გრძელდება მანამ, სანამ მურაზი არ დაიყვირებს: `საკმარისია!~ რის შემდეგაც ჰაერში აგდებულ ანრის ხელს არავინ ახვედრებს, და ანრი იატაკზე ენარცხება).

ლიკა (აღფრთოვანებული) – ძალიან მაგარი იყო, ბატონო მურაზ!

მურაზი – მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ამხნევებენ ჭირისუფალს ისე, როგორ ჩვენთან!

ლაურა – ბრავო!!!

(ყველანი ტაშს უკრავენ. მურაზი იატაკზე დანარცხებულ ანრისთან მიდის).

მურაზი (ხელს გაუწვდის) – კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ანრი! (ანრი ხელს არ უწვდის) ეს ერთი და სხვა მრავალი! (დანარჩენებისკენ მობრუნდება) ყველას გილოცავთ სულითა და გულით! ასე გააგრძელეთ, მეგობრებო! (ანრის, რომელიც იატაკზე გდია) ხვალ ან ზეგ თქვენთან ჩვენი ბუღალტერი მოვა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს მოგაწერინებთ.

(მურაზი ცხვირსახოცის ქნევით ემშვიდობება თაყვანისმცემლებს და კარს გაიხურავს. ხანგრძლივი პაუზა. ლაურას ხელები გულზე დაუკრეფია და ცრემლები მოსდის. ხათუნა იატაკზე მიგდებულ ანრის თვალს ვერ აშორებს. მღელვარებისგან ნიკაპი უცახცახებს).

ხათუნა – ანრი… რა მოგივიდა?..

ლაურა (ამოიოხრებს) – ეხ… წავიდეთ ახლა ჩვენც… (ანრისთან მიდის) ყოჩაღ, ანრი… დიდი მადლობა. (დაიხრება. ხმადაბლა) ახლა მე წავალ, და არ დამივიწყო… (ჩურჩულით) მასესხე და დაგიბრუნებ… ორი-სამი ათასი ყელში ამომივა… (კარს აღებს და გადის).

მედიკო (ანრისთან მიდის. დაიხრება. ხმადაბლა) – ამაღამ ერთად დავიძინოთ… ნურაფრის გეშინია… (ჩურჩულით) ამ ფულით მცირე საქმის წამოწყება შეიძლება… ერთად მოვიფიქროთ რამე… ბიზნესში ჩავდოთ და შემოსავალი გვექნება… ცოტას მეც მივხედავდი თავს… შენც გჭირდება მკურნალობა, ხომ იცი?.. (პაუზა) თუ გინდა, ფულს ჩემთან შევინახავ… (ანრი არ პასუხობს) კარგი, შენთან იყოს, ჯერ-ჯერობით. სახლში ავირბენ და მალე ჩამოვალ. (მიმოიხედავს) დასალაგებელია აქაურობა და შენც მისახედი ხარ… ოფლის სუნი აგდის… გაბანავებ და დაგაძინებ… წავედი. (კარს აღებს და გადის).

ხათუნა (ანრისთან მიდის. თავზე ადგას. უეცრად ქვითინი აუვარდება. მუხლებზე დაეცემა და ანრის მოეხვევა. ტირის. პაუზის შემდეგ) – მე წავალ… აღარ შეგაწუხებ… მაპატიე… (დგება. კარს აღებს და მიდის).

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15