ანრი – ექიმთან წასვლას ნუ მთხოვ, და რასაც გინდა, გავაკეთებ…

მედიკო – ჩათვალე, რომ მკვდარს ველაპარაკები… (პაუზა) ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებ… ყველაზე ბევრი – 1-2 თვე, ანრი…

ანრი – ხვალვე დავიწყებ მუშაობას კერამიკის საამქროში და ყველაფერი კარგად იქნება! ისე კარგად, როგორც არასდროს!..

მედიკო – იდიოტი ხარ… მარტო დარჩენილი იმბეცილი!..

ანრი – არ შემიძლია ხმამაღალი ლაპარაკის მოსმენა…

მედიკო – ლაურას ყველაზე მეტად უნდა ბატონ მურაზის გაცნობა…

ანრი (ჩუმად ტირის) – რა გინდათ ჩემგან, მედიკო?..

მედიკო (პერანგს ხდის) – რა უნდა მინდოდეს?.. მიყვარხარ… (ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან, ეალერსებიან. ღია გარდერობში ნახევარი ტანით შეწვებიან. უეცრად კარზე მორიდებული კაკუნი მოისმის. ანრის და მედიკოს არაფერი ესმით. კაკუნი მეორდება. უფრო ხმამაღლა. მედიკო და ანრი შეშდებიან. გარდერობიდან გამოძვრებიან და ტანსაცმელს იცვამენ).

ანრი (პერანგს იკრავს) – ახლავე…

მედიკო (თმას ისწორებს) – ღიაა… მობრძანდით…

(კარი ოდნავ შეიღება და ოთახში ხათუნა თავს შემოყოფს).

ანრი – რა მოხდა?..

ხათუნა – ანრი…

ანრი – რა ხდება?.. შემოდი…

ხათუნა (დაბნეული) – არა… შენ უნდა გამოხვიდე…

ანრი – თავი გამანებეთ…

ხათუნა – ხო, მაგრამ… იცი, ვინ მოვიდა?..

მამაკაცის ხმა ოთახიდან – აქ მე მოვედი, ანრი!..

(საძინებელში ქალაქის მერი – ბატონი მურაზი შემოდის. ხანგრძლივი პაუზა. ანრი ღია გარდერობთან, ტანსაცმელების გროვაში ჩამჯდარა. მედიკო ლოგინზე მოკეცილა. ერთმანეთს დიდხანს ათვალიერებენ).

მურაზი (გაკვირვებული) – კარგად ხართ, ბატონო ანრი?..

ანრი (პაუზის შემდეგ. საწოლზე ანიშნებს) – დაბრძანდით.

მურაზი – თუ შეიძლება, აბრძანდით, მოწესრიგდით.

ანრი (გაოცებული) – ბატონო?!

მედიკო (ანრის. ხმადაბლა) – ადექი, გთხოვ…

(ანრი ნელ-ნელა წამოდგება და თავს იწესრიგებს).

მურაზი – მე მგონი, ასე სჯობს… (მედიკოს გადახედავს).

მედიკო – დიახ, რა თქმა უნდა. დაბრძანდით, ბატონო, გთხოვთ…

მურაზი (ალერსით) – დიდი მადლობა, გენაცვალე… წამით შემოვირბინე… (ანრის, რომელიც უკვე მოწესრიგდა, უახლოვდება) მე… უზომოდ ვწუხვარ მომხდარის გამო… (ხანგრძლივი პაუზა. ანრი ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებია. მერი მას თვალს არ აშორებს. ხელს გაუწვდის) მიიღეთ ჩემი უდიდესი წუხილი და გულწრფელი თანაგრძნობა… (ანრი ახლა გაწვდილ ხელს მიშტერებია, უაზროდ) გთხოვთ, მოგვიტევოთ… (ანრი ხელს ნაძალადევად ჩამოართმევს. ირონიულად ეღიმება) მე შესანიშნავად მესმის თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა…

ანრი – არა მგონია…

მურაზი (თავს დაუქნევს) – ამაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით! მე ვერასდროს მივხვდები, რას განიცდით ახლა, ამ უმძიმეს წუთებში…

ლაურა (ოთახში შემოიჭრება) – ბატონო მურაზ, ანრი დამსახურებული ინჟინერ-ელექტრიკოსია!..

მედიკო (ლაურას) – ერთი წუთით, ქალბატონო ლაურა…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15