მედიკო – პრობლემა არ არის, ხათუნა დეიდა. თქვენ შეჰყევით თუ გნებავთ… (ანრის ხელს გაუშვებს. ანრი ნელ-ნელა იკეცება) მოკიდეთ ხელი, ხათუნა დეიდა!.. (ანრის ცალ ხელს ქეჩოში ჩაავლებს, რომ არ დაეცეს. ხათუნას. მკაცრად) რას მომჩერებიხართ?! მობრძანდით, მოკიდეთ ხელი თქვენს შვილს, შეიყვანეთ ოთახში და მოასვენეთ! დაამშვიდეთ და უთხარით, რომ გაუძლოს, გული არ გაუსკდეს და თავი არ მოიკლას! (პაუზა. ყველა ერთ ადგილასაა გაშეშებული. ჩაკეცილი ანრი აქეთ-იქით ქანაობს) გელოდებით, ქალბატონო ხათუნა დეიდა! მობრძანდით და გამომართვით თქვენი შვილი!!!

ხათუნა (ლაურას. აკანკალებული ხმით) – დაგრჩა სიგარეტი?..

მედიკო (რეზოს) – მომეხმარეთ…

(რეზო ანრის წამოყენებაში ეხმარება. მედიკო და ანრი საძინებელში შედიან. რეზო კარს გამოხურავს).

რეზო (ხათუნას, რომელიც ეწევა) – აქ ნუ მოწევ, ხათუნა დეიდა…

ხათუნა (გაცოფებული) – ხმა არ გამცე!..

რეზო (თავისთვის) – კანდელი ანთია…

ხათუნა (ნერვიულად ეწევა) – როდის მოდის ის?..

ლაურა – ვინ?..

რეზო – მერი?..

ხათუნა – ხო… (სიგარეტს ჩააქრობს).

რეზო (ხათუნას) – ეს ქალბატონი მართლა თქვენი მეგობარია?..

ხათუნა (მკაცრად) – რეზო… (სიგარეტს მოუკიდებს).

რეზო – აქ ნუ მოწევთ…

ხათუნა – რეზო… (ხელები უკანკალებს) იქნებ… იქნებ, წახვიდე…

რეზო – სიგარეტი ჩააქრე, ხათუნა დეიდა…

ხათუნა – ახლა ისტერიკა დამეწყება… (სიგარეტს ჩააქრობს).

რეზო – არსად არ წავალ… ჩემს მეგობართან ვარ…

ხათუნა – და მე ვისთან ვარ, შენი აზრით?..

რეზო (მხრებს აიჩეჩავს) – ეგ თქვენ უნდა იცოდეთ… თუ ანრი თქვენი შვილია…

ხათუნა (აწყვეტინებს) – რას ნიშნავს – თუ ჩემი შვილია?!

რეზო – თუ ანრი თქვენი შვილია, მაშინ საკუთარი შვილის დასახმარებლად ხართ-მეთქი. სხვა არაფერი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15