მეხუთე სცენა

 

(ანრი და რეზო სამზარეულოში, მაგიდას უსხედან).

 

რეზო – ყურში ახლაც ჩაგესმის ხელოვნური სუნთქვის აპარატის ხმა…

ანრი – რომლითაც 3 დღის მანძილზე ლიზიკო სუნთქავდა…

რეზო – შენი 9 წლის ქალიშვილი…

ანრი – მის ხელს სულ ვხედავ… თითქოს თვალებში ფერადი ფოტო მაქვს ჩადგმული: ნახევრადწაშლილი წითელი ლაქი მის პატარა ფრჩხილებზე…

რეზო – ყოველღამე ნანას და ლიზიკოს ხედავ ერთსა და იმავე სიზმარში: ვითომ კუბოში წევხარ. მედიკოს ნაჩუქარი ფლაკონი ლიზიკოს უჭირავს და ფრჩხილებზე ბრიალა წითელ ლაქს გისვამს. ნანა მეორე მხარეს ზის და ხელოვნური სუნთქვის აპარატის მილს პირში გჩრის.

ანრი – წამოდგომა მინდა, მაგრამ არ მანებებენ. ლიზიკოს ისე ძლიერად უჭირავს ჩემი ხელი, რომ საშინლად მტკივა. ვერ ვაშვებინებ. მერე უეცრად აპარატის მილს ყინულივით ცივი წყალი წასკდება. მოჩქეფს მილიდან, მოყვება რკინის და ბეტონის ნამსხვრევები, ტალახი და სისხლის კოლტები. კუბო წყლით ივსება. ვიყინები. ვყვირი, ამომიყვანეთ-მეთქი…

რეზო – ნანა და ლიზიკო უცებ სადღაც გაიქცევიან და სისხლში მოთხვრილი ტანსაცმელი მოაქვთ – ის, რომელიც ხიდის აფეთქებისას ეცვათ…

ანრი – ჩაალბობენ ამ ტანსაცმელს კუბოში ჩამდგარ წყალში და იწყებენ რეცხვას. იცინიან, კისკისებენ, მხიარულობენ… ვწევარ და ვუყურებ… (პაუზა) ყოველღამე ერთსა და იმავეს ვხედავ… (პაუზა. ცრემლს მოიწმენდს) ახლა სულ ვფიქრობ: ვინ დამაჯერებს, რომ ქუჩაში დანახული ხე ჩემი ცოლი არ არის, ფოთლები კი – ჩემი ქალიშვილი?..

რეზო – ან წვიმა…

ანრი – ან ღია ფანჯარაში შემთხვევით შემოფრენილი ბეღურა…

რეზო – ან სოფლის ძველი ტაძრის სახურავზე ამოსული ბალახი…

ანრი – ან მოციმციმე ვარსკვლავები…

რეზო – ან შუაღამისას წამსკდარი ტირილი, დაფეთებულს რომ გაგეღვიძება…

ანრი – ან ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავ და რასაც უხეიროდ აკანკალებული ხელებით ვეხები… რომ ისინი არ არიან… ვინ დამაჯერებს, ვინ მეტყვის, რომ მეჩვენება, ვცდები…

რეზო – არავინ…

ანრი – ვერავინ…

რეზო – ასეთი მშვიდი არასდროს ყოფილხარ…

ანრი – ასეთი ბედნიერი არავის ვუნახივარ…

რეზო – 18 ათასი ბოდიში და მოგონება!

ანრი – 18 ათასი ნაბიჯი, სანამ ნანას და ლიზიკოს დავინახავ!

რეზო – 18 ათასი ტკივილი და შეცდომა!

ანრი – 18 ათასი ფურთხი და ღიმილი!

რეზო – 18 ათასი ნაღდი გულით!

ანრი – 18 ათასი ნაღდი სულით!

რეზო – 18 ათასი ნაღდი ფულით!!!

(ანრი კარადიდან ღვინის ბოთლს და ჭიქებს გამოიღებს).

რეზო – დავლიოთ!

(ღვინით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ).

რეზო (ღვინოს ისევ ჩამოასხამს) – გაუმარჯოს 18 ათას ნაბიჯს შენს გარდაცვლილებამდე!

(ღვინით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ).

ანრი (ღვინოს ჩამოასხამს) – გაუმარჯოს ცარიელი სახლიდან გაქცევას!

(ღვინით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ).

რეზო (ღვინოს ჩამოასხამს) – გაუმარჯოს მტანჯველი მდუმარებისგან გათავისუფლებას!

(ღვინით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ).

ანრი (ღვინოს ჩამოასხამს) – გაუმარჯოს იმ კარის გამოკეტვას, რომლის გაღება არასდროს მოგინდება!

(ღვინით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ. რეზო და ანრი ერთმანეთის პირისპირ სხედან. ერთმანეთს თვალს არ აშორებენ. ანრი აკანკალებულ ხელებზე დაიხედავს. უეცრად ორივეს ხარხარი აუვარდება).

რეზო – რომ იცოდე, რას ჰგავხარ ახლა!..

ანრი – ლიზიკოს გარდაცვალების მერე დამეწყო ხელების კანკალი…

(ორივე სიცილისგან ბჟირდება).

რეზო (სულს ძლივს ითქვამს) – კომოდზე დადგმულ ნანას და ლიზიკოს ფოტოებს მართლა ელაპარაკები?!

ანრი (ხარხარებს) – ყოველდღე!.. დილით! შუადღისას! და ღამით!!!

რეზო (სიცილის ცრემლებს იწმენდს) – რას ეუბნები?! რაო, რა მინდაო?!

ანრი – ვეკითხები: ბატონმა მურაზმა რომ 18 ათასი მაჩუქა, რაში დავხარჯო-მეთქი! (ორივე შეშლილივით იცინის. რეზო მაგიდას ხელებს ურტყამს). მპასუხობენ: საპონი იყიდე და გამოგვიგზავნე, ტანსაცმელს სისხლს ვერ ვაშორებთო!..

(ორივე სიცილს წყვეტს. ხანგრძლივი პაუზა. მძიმედ სუნთქავენ).

ანრი (ნერწყვს იწმენდს. აკანკალებული ხელებით ჯიბიდან სიგარეტს ამოიღებს) – ამ სახლში გაჩერება აღარ მინდა… (სიგარეტს მოუკიდებს).

რეზო – როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება მათი ფოტოების შემყურე?..

ანრი – სოფელში წავალ… ჩემს ძალიან მოხუც ბებიასთან… ის მე დამამშვიდებს, მე – იმას… (პაუზა) ჩავალ და პომიდვრებს დავურგავ… მწიფობისას, იცი, რა საოცარი სურნელი ასდის…

რეზო – ასეთი ბედნიერი და ლაღი არასდროს ვყოფილვარ…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15