რეზო (გაოცებული) – სად, ხათუნა დეიდა?..

ხათუნა – სიზმარში… ვითომ, იცით, სად ვიყავი?..

(ხათუნა რეზოს სიზმარს უყვება, რომელიც მეორე პლანზე ინაცვლებს).

მედიკო (ანრის) – წამოდი… (ხელკავს გამოსდებს და საძინებლისკენ მიყავს).

ანრი (შედგება) – სად მიგყავარ?..

მედიკო – ასე არ შეიძლება.

ანრი (მედიკოს ხელს მოიშორებს) – თვითონ ვიცი, რა შეიძლება და რა – არა. (მედიკოს მზრუნველ მზერას იჭერს) ოთახში როგორ შევიდე, სტუმრები მყავს…

რეზო (წამოდგება) – ახლავე წავალთ და დაისვენებ, ანრი… (გასასვლელისკენ მიდის, ქურთუკს იცვამს) მეტისმეტია უკვე…

მედიკო – რეზო, არ წახვიდეთ, გთხოვთ…

რეზო – რატომ?..

მედიკო (ანრის. ხმადაბლა) – ერთი წამით… (რეზოსთან მიირბენს).

ხათუნა (რეზოს. მოთქმით) – მცემდნენ, მირტყამდნენ ორივე – აქ რა გინდა, ახლავე უკან დაბრუნდიო!.. დავბრუნდი და, ნახეთ აქ რა ხდება… (ანრის) ლაურა სად არის?..

ანრი – აივანზე. სიგარეტს ეწევა. (სახეზე ხელებს აიფარებს და ჩაიკეცება).

მედიკო (რეზოს. ხმადაბლა) – ცოტა ხნით კიდევ გაჩერდით… ძალიან გთხოვთ…

რეზო – რატომ?..

მედიკო – თქვენ ხომ ანრის უახლოესი მეგობარი ხართ?..

რეზო – მერე?..

მედიკო – მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სიმძიმე როგორმე შევუმსუბუქო… რეზო – თქვენ რა ხართ მისი?.. ნათესავი?..

მედიკო – მეზობელი ვარ… (პაუზა) აქამდე რატომ არ გიცნობდით?..

რეზო – ვერ გეტყვით…

მედიკო – აქედან შორს ცხოვრობთ?..

რეზო – რა მნიშვნელობა აქვს?..

მედიკო – აქვს, ალბათ…

რეზო – მე მგონი, ანრის რაღაც ჭირს…

ხათუნა – ანრი! (წამოხტება) რა მოგივიდა?!

(ყველანი ანრის მიცვივდებიან, რომელიც სახეზე ხელებაფარებული, საძინებლის კართანაა ჩაკეცილი).

რეზო (ანრის ანჯღრევს) – ანრი… ანრი!.. ცუდად ხარ?..

ხათუნა – წყალი მოიტანეთ ვინმემ! (ანრის) რა მოგივიდა! ხმა ამოიღე!..

(მედიკო წყლის მოსატანად გარბის. ოთახში ლაურა შემოდის).

ლაურა – რა მოხდა?!

რეზო (ლაურას) – გეამათ თამბაქო?..

ლაურა – წადი შენი… (ზურგს შეაქცევს და ანრისკენ დაიხრება) გადაიღალა ადამიანი, ჩვენ კი უარესად ვღლით…

რეზო – მერე მიბრძანდით აქედან, ქალბატონო ლაურა…

ლაურა (რეზოს მოუბრუნდება. გაოცებული) – ბატონო?!

რეზო – გავიმეორო?..

(ოთახში მედიკო შემორბის. წყალი მოაქვს. ანრის სახეზე აპკურებენ. ანრი ფხიზლდება).

ლაურა – თქვენ თვითონ რატომ არ მიდიხართ?..

რეზო – იმიტომ.

ლაურა – მეც სწორედ მაგიტომ არ მივდივარ…

მედიკო (ანრის წამოაყენებს) – ჩვენ ცოტა ხნით დაგტოვებთ… (საძინებლის კარს შეაღებს).

ხათუნა – სად მიგყავს?..

მედიკო – უნდა დაისვენოს…

ხათუნა – შენ რატომ მიყვები?..

მედიკო (პაუზის შემდეგ) – იმიტომ, რომ ჩემთან ერთად უნდა…

ხათუნა – რა უნდა შენთან ერთად?..

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15