მესამე სცენა
(ანრის ბინაში საშინელი არეულობაა. ლაურამ და ხათუნამ მიმოფანტული ბანკნოტების მოგროვება მოამთავრეს და ფული მაგიდაზე დაახვავეს. ანრი სავარძელში ჩამჯდარა და ერთ წერტილს მიშტერებია. რეზო აივნიდან შემოსულა, ჩამქრალ კანდელს ანთებს და კომოდზე მიყრილ, გადიდებულ ფოტოებს ფეხზე დააყენებს. მედიკო საძინებელში ლოგინს ალაგებს და წამდაუწუმ დიდ ოთახში გამოდის – ამოწმებს, რას შვრება ანრი. ცდილობს, ის საძინებელში შეიყვანოს. ლაურას ლოცვების წიგნი გადაუშლია და ტუჩებს აცმაცუნებს. ხათუნა ანრის პირისპირ ზის და შეწუხებული სახით თვალს არ აშორებს).
ხათუნა (ამოიოხრებს. თავისთვის) – ვაიმე, დედა…
ლაურა – არა უშავს… იმ კაცს ალბათ უარესიც უნახავს და ამიტომ არ გაკვირვებია ძალიან…
რეზო – გრცხვენიათ იმ კაცის, ჩემო ქალბატონო?..
ლაურა – მე თქვენი ქალბატონი არა ვარ… და არც თქვენ გელაპარაკებით…
ანრი (მედიკოს, რომელიც თავზე დადგომია. ხმადაბლა) – გული მერევა…
მედიკო (ანრის. ხმადაბლა) – აბაზანაში წამოდი… (ანრი სახეზე ხელებს აიფარებს).
ხათუნა (მედიკოს ანრიზე ანიშნებს) რა გითხრა?..
მედიკო – არაფერი… (ანრისკენ დაიხრება) თუ გული გერევა, აბაზანაში შევიდეთ…
ანრი (ხათუნას) – რეზომ მატარებლის ბილეთი გიყიდა…
ხათუნა – რა ბილეთი?..
რეზო (ჯიბიდან ბილეთს ამოიღებს) – მატარებლის ბილეთი… სოფელში წასასვლელად…
ხათუნა – რა მინდა სოფელში?..
მედიკო – სოფელში თქვენი სახლია…
ხათუნა (მედიკოს) – შენ არ გელაპარაკები… (რეზოს) რა ბილეთი მიყიდე?..
რეზო (დაკეცილ ბილეთს გაშლის და კითხულობს) – ეს არის ბილეთი დასავლეთის მიმართულებით. გასვლა დღეს, ღამის 11 საათზეა. მეხუთე ვაგონი. მეთექვსმეტე კუპე. მეორე ადგილი. (საათზე დაიხედავს) ჯერ ძალიან ადრეა. არ იჩქაროთ.
ლაურა (ხათუნას) – თუ დღეს არ გინდა წასვლა, ბილეთის გაცვლა შეიძლება…
ხათუნა (ლაურას პასუხობს, მაგრამ ანრის უყურებს) – არა, რატომ? წავალ დღეს საღამოს. (წამოდგება) ახლავე წავალ…
რეზო (საათზე დაიხედავს) – ჯერ შვიდი საათიც არ არის… ასე ადრე რა უნდა აკეთოთ სადგურში?
ხათუნა (ოთახში თავის ნივთებს აგროვებს და ჩანთაში ყრის) – რამეს მოვიფიქრებ…
რეზო (მხრებს აიჩეჩავს) – რაც ანრიმ მითხრა, ის გავაკეთე…
მედიკო (რეზოს) – გაანებე თავი… (ანრის. ხმადაბლა) – კიდევ გერევა გული?..
ხათუნა (უეცრად წყვეტს ნივთების მოგროვებას. მედიკოს) – რა გინდა მაგისგან?! რას ეჩურჩულები?!
მედიკო – მე რა მინდა?..
ხათუნა – ხო, შენ!
მედიკო (გაკვირვებული) – რა უნდა მინდოდეს?.. რაღაც ვუთხარი…
ხათუნა – ვიცი, რომ უთხარი!
მედიკო – რა გაყვირებთ, ხათუნა დეიდა?!
ხათუნა (სიგარეტს მოუკიდებს და მედიკოს წინ დაუდგება) – რა უთხარი წეღან?..
მედიკო (ცინიკურად) – ვის რა ვუთხარი?..
ხათუნას – რა უთხარი წეღან ანრის?..
მედიკო – არაფერი…
ხათუნა – არაფერი?..
რეზო – აქ ნუ მოწევთ, ხათუნა დეიდა…
ხათუნა (რეზოს) – შენს ხმას თუ კიდევ გავიგებ, მაშინვე თავს მოვიკლავ!..
რეზო (ხათუნას. ცინიკურად) – რკინიგზის სადგურზე აღარ მიდიხართ, ხათუნა დეიდა?..
ხათუნა (სიგარეტს ჩააქრობს და ახალს მოუკიდებს) – არ მივდივარ.
ლაურა (რეზოს) – ყველამ თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში?..
რეზო (ცინიკურად. ლაურას) – ოჰო!.. ისევ თქვენობითზე გადავედით?.. რა მოგველანდა?..
ხათუნა – არსად არ მივდივარ. და არც ვაპირებდი წასვლას. სად უნდა წავსულიყავი?.. რა მინდა სოფელში?.. (ტირის. გარშემომყოფებს ანრიზე ანიშნებს) შეხედეთ, რა დღეშია… (ანრის) მართლა შენ აყიდვინე რეზოს ბილეთი?..
(უეცრად ანრი წინ გადმოქანდება და არწყევს. მოულოდნელობისგან ყველა შეხტება. ღებინების სპაზმი წამდაუწუმ მეორდება. ლაურა უკან დაიხევს და პირზე ცხვირსახოცს აიფარებს. მედიკო ანრის შუბლით იჭერს. ანრი მძიმედ სუნთქავს, ოხრავს, იფურთხება).
მედიკო (ხათუნას და ლაურას) – რას მომჩერებიხართ?! ან წყალი მომიტანეთ, ან ტილო, ან ტაშტი!!!
ხათუნა (წამოდგება. დაბნეულია) – არ ვიცი, სად არის…
(ანრი ისევ არწყევს).