ქართული მედიის ყურადღება დღეს სოჭისკენაა მიმართული.
საკუთარ საზაფხულო რეზიდენციაში რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის არაღიარებულ ლიდერთან შესახვედრად ემზადება. ცნობილია, რომ დღის წესრიგშია სოხუმის აეროპორტის საკითხის განხილვაც, რომელიც რუსულმა მედიამ ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გაააქტიურა. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ინვესტორი უკვე მოძიებულია და საოკუპაციო რეჟიმი ომის შედეგად განადგურებული აეროპორტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის აღდგენას და რეისების განახლებას გეგმავს. ოფიციალური თბილისისთვის ეს კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და უკანონო გეგმაა, რადგან ომის შემდეგ აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ საჰაერო სივრცეზე განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო რეისებს კრძალავს.
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის წესდებით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე, საქართველოს ნაწილია. ორგანიზაციამ აეროპორტს საერთაშორისო რეისებისთვის საჭირო კოდიც მოუხსნა.