რუსეთის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი აქციებს იწყებს.

პრეზიდენტი მთავრობას უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევისკენ და რუსეთის მოქალაქეების მიმართ დროებითი სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან რუსეთის მიერ შეწყვეტილი ავია-მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა მისი მეორე განკარგულებაც – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რუსეთი სავიზო რეჟიმსაც აუქმებს. კრემლის ლიდერის ნაბიჯმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ჩნდება კითხვა, როგორ აისახება გადაწყვეტილებები კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზე. ოპოზიციისთვის პუტინის დღევანდელი ბრძანებები კიდევ ერთი არგუმენტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია. მმართველი გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ ეს არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თავის დროზე კი რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა მოუხსნა.

მისცემს თუ არა ქვეყანა საქართველოს მიმართულებით ფრენების უფლებას რუსულ ავიაკომპანიებს, რომელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა – ქართული მხარე ნებართვების გაცემას მხოლოდ არასანქცირებულ კომპანიებზე გეგმავს.