ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზის მქონე ორი მოქალაქე მკურნალობს. მათგან ერთი გალის რაიონიდან, მეორე კი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს დილით კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული ქალი შეიყვანეს, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ორსული ქალი იმ სპორტსმენის კლასტერიდანაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
გვიან ღამით კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონსა და დრანდაში. 29 მარტს, როცა უკან დაბრუნდა, კარანტინში ცხელების გამო გადაიყვანეს. სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის განცხადებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 68 პირია. თვითიზოლაციაში 55 მოქლაქეა,
გუბერნატორის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის გამო, საერთო ჯამში 141 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა.