ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოწოდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გადასცენ ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული წარმოშობის დამამტკიცებელი ინფორმაცია. ტედროს გებრეისუსმა ასევე მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს, გაასაჯაროონ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ მათ ხელთ არსებული ყველა ცნობა. მისივე განცხადებით, პანდემიის წარმოშობის წყაროს გარშემო მიმდინარე დისკუსიის პოლიტიზება მეცნიერების სამუშაოს ართულებს და მსოფლიოს უფრო დაუცველს ხდის. მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ყველა მონაცემი, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება და ჩაატაროს სათანადო გამოძიება.

მანამდე ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფედერალური საგამოძიებო ბიურო „კოვიდ-19“-ის წარმოშობის ყველაზე რეალურ ვერსიად ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ლაბორატორიაში მომხდარ ინციდენტს განიხილავს.