სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი გაიგზავნა. სარჩელის ავტორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დუშეთის რაიონში მცხოვრები სამი ოჯახის ინტერესებს იცავს. ახლა სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა სოფელ ვეძათხევის მკვიდრთა უფლებები მაშინ, როცა მათ მეწყერსაშიში ზონიდან გასახლებაზე უარი უთხრეს. ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან ალტერნატიულ ფართს 3 000 ეკომიგრანტი ელოდება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ხდება. მაგალითად შარშან მხოლოდ 180 განაცხადი დაკმაყოფილდა.