„ისე გავუშინაურდით ქართულ სიმღერას, რომ მისი სიკეთე და ფასი ხანდახან არ გვახსოვს. მსოფლიოში არ არსებობს ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ხალხური სასიმღერო კულტურა ჰქონდეს“-ამბობდა თემურ ქევხიშვილი ერთი თვის წინ ჩაწერილ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში. საქართველოს სახალხო არტისტი და ანსამბლ „გორდელას“ დამაარსებელი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების განმავლობაში ის პირველ არხზე ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილებს უძღვებოდა.
თემურ ქევხიშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, და ვოკალური ანსამბლ „ჟურნალისტს“. იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი; გამოჩენილ მომღერალსა და ლოტბარს შაბათს დაკრძალავენ.