ომარ მხეიძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ქართველი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. იგი სამი ათეული წელი საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „სუხიშვილების“ წამყვანი სოლისტი იყო. ანსამბლთან ერთად ომარ მხეიძე მსოფლიოს 87 ქვეყანაში იმყოფებოდა გასტროლზე. არაერთი ჯილდოს მფლობელ მოცეკვავეს 2016 წლის 8 ივნისს ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფონდმა „ქართული გალობა“ მიანიჭა „ღვაწლმოსილი მოცეკვავის“ წოდება. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. ომარ მხეიძეს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა საუკუნის მოცეკვავის წოდება მიანიჭა.

ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა.

„ბატონი ომარი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; მისმა შემოქმედებამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააცნო საქართველო, როგორც უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა, ხოლო საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა. გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოება“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.