გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში, მყინვარ ლეხზირზე არსებული მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ალბათობა იმისა, რომ ყინულის მასა ერთბაშად დადნეს, საკმაოდ დაბალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის, რამაზ ჭითანავას განცხადებით, მყინვარის დნობა წლის ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და საქმე რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს, თუმცა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ტერიტორიის შესწავლის მიზნით, ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაემგზავრნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარის დნობით შეგუბებული წყალი მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ჰექტარ ფართობზეა გადანაწილებული. შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გაფრთხილებულია ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები.