შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა. დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ პირველი სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. თუ ადგილზე 20-დან 100-მდე დასაქმებულია, არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აყვანაა აუცილებელი. უფრო მეტი თანამშრომლის ყოლის შემთხვევაში კი, სავალდებულოა, შეიქმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, არანაკლებ 2 სპეციალისტით. სპეციალისტს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა უნდა ჰქონდეს გავლილი.