საქართველოს პირველი არხის განცხადება

წინასაარჩევნო კამპანიის თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველი არხი პოლიტიკურ პარტიებს სატელევიზიო და რადიო ეთერს სთავაზობს. საქართველოს პირველი არხის მიზანია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესი გაშუქებული იყოს დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ცესკო-ს მიერ დარეგისტრირებულ ყველა კვალიფიციურ პარტიას მიეცემა თანაბარი ეთერი როგორც საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“, ასევე ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გაშუქდება საარჩევნო სუბიექტების (როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური) ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები, გამოშვებებს ახლავს სურდოთარგმანი და მთავარი გამოშვება ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

საქართველოს პირველი არხი გეგმავს სპეციალურ საარჩევნო ფორმატს – „დებატები 2021“. საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს ორ დებატს: 14 სექტემბერს, 22:00 საათზე, დებატები გაიმართება არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს შორის, სადაც მონაწილეობისთვის სპიკერებს განსაზღვრავენ თავად პარტიები; 21 სექტემბერს, 22:00 საათზე დებატები შედგება კვალიფიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. დებატებში მონაწილეთა თანმიმდევრობა განისაზღვრება მათი საარჩევნო ნომრების მიხედვით. საქართველოს პირველი არხი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველს თანაბარ პირობებში გააცნონ.