სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში

თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ორ ლოკაციაზე განაგრძობენ ქართველი მაშველები. სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები. ქართული სამაშველო ჯგუფის ამოცანას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოჩენა და გამოთავისუფლება წარმოადგენს. ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. გასულ ღამეს, თურქეთში ქალაქ ადიამანში რამდენიმესაათიანი სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. კადრები პირველი არხის ჯგუფმა გადაიღო. ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე მესამე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს – ვითარება თურქეთის ადიამანის პროვინციაში [ფოტო]