თურქეთში ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს [ფოტო]
თურქეთში ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს [ფოტო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო ღონისძიება 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იუწყება, ქალი კონტაქტური იყო, ის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ქართველმა მაშველებმა, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, ნანგრევებში მოყოლილი უკვე მეორე ადამიანი გადაარჩინეს.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული. მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

თურქეთში, სტიქიის ზონაში, სადაც სამაშველო და გაწმენდითი ღონისძიებები გრძელდება, იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი.​ ადიამანის პროვინციაში მუშაობენ ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე.