იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, ათასობით მაშველი ამ დრომდე სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფება და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას ცდილობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია სტიქიიდან 72 საათის შემდეგაც გაგრძელდება. „როიტერის“ ცნობით, ამ დრომდე მაშველებმა 156 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ 79 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, მაშველები ამ დრომდე ვერ ჩადიან სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლებების ნაწილში. იშიკავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგაც 30 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. დროებით თავშესაფრებში მყოფი მოქალაქეების ნაწილი წყლის, სურსათის, ელექტროენერგიისა და საკომუნიკაციო საშუალებების გარეშეა დარჩენილი. ამასთან, არის ცუდი მეტეოროლოგიური პირობები, ყინვა, რაც დაზარალებულთა მდგომარეობას ართულებს.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.