საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება
ფონიჭალაში, იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ორი დღის წინ აფეთქება მოხდა, სამშენებლო და აღდგენითი პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. მანამდე კი მერიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ვითარებას ადგილზე, ამ დროისთვის ექსპერტები და კონსტრუქტორები სწავლობენ.
ჯერ ისევ უცნობია, არის თუ არა ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი, საცხოვრებლად ვარგისი. 23-ე კორპუსში, სადაც ორი დღის წინ, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას, ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სპეციალისტები დაზიანებული ნაწილის მდგრადობას ამოწმებენ. დროებით საცხოვრებელში რჩება ამ დრომდე 28 ოჯახი.
ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო და დაცვის პოლიცია.