პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩანაცვლების სქემა

იანვრიდან მასშტაბური ცვლილებები იგეგმება სკოლის პედაგოგებისთვის.

2020 წლის დასაწყისიდან ასამოქმედებელი სისტემა სკოლებიდან პრაქტიკოსი, ანუ კარიერული თვალსაზრისით ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი მასწავლებლების გაშვების მექანიზმს ნერგავს. დღეს მოქმედი კანონმდებლობა პრაქტიკოსი პედაგოგების გათავისუფლების ბერკეტს არ ითვალისწინებს, სწორედ ამ გარემოებით ხსნის სამინისტრო ბოლო წლების იმ ტენდენციას, რომ ამ კატეგორიის მასწავლებლების დიდი ნაწილი სტატუსის ასამაღლებლად საკვალიფიკაციო საგამოცდებზე საერთოდ არ გადის. უწყება კვალიფიკაციის კუთხით ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ პედაგოგებს კომპეტენციის ასამაღლებლად ბოლო შანსს იანვრამდე აძლევს. იანვრიდან კი მათი ჩანაცვლების სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება.