პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმება იქნება. როგორც აბაშიძე განმარტავს, ქართული მხარე მზად არის ამ შეთანხმების ასამოქმედებლად, როგორც წინა შეხვედრაზე იყო დაგეგმილი, მათ შვეიცარიის მხარესთან უკვე გაიარეს შეთანხმება იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ახლა კი საბოლოო პასუხს, თუ როდის ამოქმედდება შეთანხმება, უკვე რუსული მხარისგან ელოდებიან.
შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს. ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებიც იქნებიან.