#დოსიე „წითელი არმია“

უკვე საუკუნეზე მეტია, რუსეთის ეროვნული იდენტობა, პირველ რიგში 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის პირმშოსთან, წითელ არმიასთან ასოცირდება.

ამ ერთი საუკუნის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტურ გერმანიასთან ხუთწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლის და გამარჯვებაში ლომის წვლილის გარდა, ძნელია ამ არმიის ისტორიაში სხვა რაიმე პოზიტიური ეპიზოდის პოვნა.

ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნების ძალადობრივი გასაბჭოება, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, აზიაში…

მნიშვნელოვანი როლი რეპრესიებში, გულაგის სისტემის მართვაში და ორგანიზებაში. მსოფლიო პროლეტარიატის სახელით დედამიწის ყველა კუთხეში შეიარაღებული კონფლიქტების და რევოლუციების პროვოცირება და მათში მონაწილეობა – ბუდაპეშტი, პრაღა, კარიბის კრიზისი, ავღანეთი, სუმგაიტი, თბილისის 9 აპრილი.

ის უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე თავად საბჭოთა სისტემა.

წითელი არმია დღესაც ცოცხალი, საშიში და აგრესიული მტაცებელია, მას ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰქვია, მისი მთავარსარდალი კი ვლადიმირ პუტინია – ახალი ტიპის წითელი დიქტატორი.

მაიკლ პრაზანის დოკუმენტური ფილმი „წითელი არმია“, ორ ნაწილად. პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“ –  სტუმარი – დავით თევზაძე, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, პროფესორი