თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „ამბები აფხაზეთიდან“, ჩვენთვის მთავარია, ეს გაკეთდეს მაღალი კომპეტენციით, სიღრმისეულად, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ აწვდის მაუწყებელი მსგავს თემებს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას
საქართველოს პირველი არხისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გადაცემა „ახალი დღე“ ახალ პროექტს – „ამბები აფხაზეთიდან“ იწყებს.
10-წუთიანი დოკუმენტური ვიდეოების სერია ეთერში კვირაში ერთხელ გავა.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორ აწვდის საზოგადოებრივი მაუწყებელი მსგავს თემებს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას.
„ეს არ არის პირველი პროექტი, რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. ძალიან ფრთხილად ვეკიდებით მსგავს თემას, რადგან ძალიან მტკივნეულია და ეს არ არის პათეტიკა. მნიშვნელოვანია, როგორ ვაწვდით ამ ინფორმაციას საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომელიც შეიძლება, ნაკლებად არის ინფორმირებული, თუმცა ის გამოხმაურებები და შეფასებები, რასაც ვიღებთ დოკუმენტურ ფილმებზე, არის ძალიან ემოციური. სამინისტროსთან თანამშრომლობის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პერმანენტულობა შევძინოთ თემებს, რომელიც კვლავ ცოცხალია და რომელიც უნდა ვიცოდეთ. ამიტომ, მინდა, დილის გადაცემას გადავუხადო მადლობა, მიხეილ ბასილაძეს, კესო ბოჭორიშვილს, რომლებიც კონკრეტულად მუშაობენ ამ პროექტზე, თუმცა მათ უკან დიდი გუნდია, ძალიან მაღალი კომპეტენციით, რა თქმა უნდა, სამინისტროს მხარდაჭერით. ჩვენი კოლაბორაცია მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული თემა, რომელსაც შევეხებით, იყოს ძალიან მაღალი კომპეტენციის, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტულია, სიღრმისეული, საინტერესო და გარდა იმისა, რაც უნდა გვახსოვდეს, ახალი ემოციებიც უნდა აღძრას, რომ არამარტო არ დავივიწყოთ, არამედ გავაგრძელოთ ცხოვრება და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ“,- აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს პროგრამულ პრიორიტეტებით აქვს განსაზღვრული ეს თემატიკა.
„განსაკუთრებულად გამოვყოფდი დოკუმენტური ფილმების ციკლს. გვაქვს სხვა პროექტები, რომლებსაც აფხაზეთის თემაზე ამუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ შორის რადიოში. უნდა აღვნიშნო არქივის მნიშვნელობა. ჩვენ მემორანდუმიც გავაფორმეთ და არქივი გავხსენით იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ფორმით. აღსანიშნავია ჩვენ მიერ მომზადებული ორსერიანი დოკუმენტური ფილმი „უიარაღოდ“, რომელშიც გამოყენებულია უიარაღოდ ნაბრძოლი ჩვენი ოპერატორების მიერ გადაღებული საარქივო კადრები, რომლებიც ახლა აქ მუშაობენ. ეს ფილმი აუცილებლად სანახავია, ახალი თაობისთვის გადასაცემი. ეს თავისთავად ქმნის ერთგვარ უნიკალურ არქივს. ეს მინი ფილმებიც ამ ერთიანი სურათის ნაწილია. რაც შეეხება თემატიკას, მას აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროსთან ერთად განვსაზღვრავთ. ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ეს ფილმები სუბტიტრების გარდა, ჟესტურ ენაზეც იყოს, რადგან თითოეული მოქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი თემები ერთიანად ხელმისაწვდომი გახდეს“,- აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.