შეიარაღებული თავდასხმა პრაღაში

გამოშვებას ვიწყებთ პრაღით. ჩეხეთის დედაქალაქში, კარლის უნივერსიტეტში მსხვერპლია.

სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. დაღუპულია თავდამსხმელიც. უნივერსიტეტი ქალაქის ძველ ნაწილში, იან პალახის მოედანზე მდებარეობს. პრაღაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გადაკეტილია შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. პოლიცია მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. დამნაშავის ვინაობა ჯერ არ სახელდება. უნივერსიტეტში მყოფთა ევაკუაცია უკვე დასრულდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის. მომხდარის გამო საგანგებოდ 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +420777222053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე“, – ნათქვამია ჩეხეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.