ზურაბ აბაშიძე - საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება რუსეთის პრეროგატივაა
ზურაბ აბაშიძე - საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება რუსეთის პრეროგატივაა

არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, ვაიძულოთ რუსული მხარე, მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ეს მთლიანად მათი პრეროგატივაა, თუ რუსეთის მხრიდან დადგება ინიციატივა და ამ თემაზე საუბრის სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ხვალ, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის წინ განაცხადა.

აბაშიძის განმარტებით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები მოხსნა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სხვა ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, რუსეთის მოქალაქეებსაც ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოში ყოფნა.

„ასეთი კომფორტული პირობები აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რუსულმა მხარემ 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ გაამარტივა.

„მაგრამ რუსეთში გამგზავრება მაინც სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუ იქნება მათი მხრიდან სურვილი და მზაობა, მოვისმენთ და თუ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯს ამ მიმართულებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.