„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია 

„ნამახვანჰესის“ გარშემო პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში გადმოინაცვლა.

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ცხრა საათის წინ ამოიწურა. ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანს ნაწილობრივ კეტავენ და ხვალიდან ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას აანონსებენ. კარვები გაშლილია რესპუბლიკის მოედანზე, რომელიც ახლა პროტესტის მთავარი ადგილია. თუ კომპანია „ენკა“ ხეობას არ დატოვებს, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება არ გაუქმდება და 2015 წლიდან ჰესთან დაკავშირებით შედგენილი ყველა დოკუმენტაცია არ გაბათილდება, აქციის მონაწილეები ქალაქის პარალიზებით იმუქრებიან. ძალაში რჩება ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც. ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ტონი მიუღებელია. მმართველი გუნდი, ისევე როგორც ინვესტორი კომპანია, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ყველა პრობლემატური საკითხის და ხელშეკრულების სადავო პუნქტების განსახილველად სადისკუსიო ფორმატს სთავაზობს, თუმცა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მოლაპარაკების დაწყებას მხოლოდ მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ განიხილავენ.