კანონპროექტი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“

პროტესტის ახალი ტალღა ძველი კანონპროექტის გაცოცხლების გამო.

საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილების ფონზე ოპოზიცია და მესამე სექტორი უცხოური დაფინანსების შესახებ პროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ. ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროცესების ისევ ქუჩაში გადატანის გეგმაზე იწყებენ საუბარს. შარშან უკან გაწვეულ და ხელახლა ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას სამოქალაქო სექტორის გაკონტროლების მცდელობად განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მოწინააღმდეგეები კანონპროექტის კანონად ქცევას და ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების დაბლოკვას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. ოპოზიციის და მესამე სექტორის ლექსიკაში ცნობილი ტერმინი, „რუსული კანონი“ ახლა ყველაზე ხშირად ისმის. უცხოელი დონორებისგან მიღებული დაფინანსების და მიზნების დეკლარირება – სწორედ ეს ვალდებულება დაეკისრება იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. ისინი შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენლის სტატუსი მიიღონ.

სადავო პროექტის კიდევ ერთხელ უკან გაწვევას საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებით ცდილობს მმართველ გუნდთან დაპირისპირებული პრეზიდენტი, რომელმაც დღეს უცხოელი ელჩები მიიღო.