გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქცია „რაჭა არ იყიდება“ კვლავ გაგრძელდება. ამის შესახებ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდება, რაც მინისტრი მათ პირადად შეხვდება და მისცემს გარკვეულ გარანტიებს. მისივე განმარტებით, პროცესის გაგრძელება დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც. ცხრა პირის სასამართლო პროცესი, რომლებიც 11 ნოემბერს აქციის მსვლელობისას დააკავეს მტკიცებულებებისა და მოწმეების გამოკვლევით 29 ნოემბერს გაგრძელდება, ხოლო კიდევ სამი პირის სასამართლო 30 ნოემბერს ჩაინიშნა. სასამართლომ შსს-ს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.