„მწვანე ოქროს ქვეყნიდან“

ოდესღაც მწვანე ოქროს ქალაქად ცნობილ ოზურგეთში ჩაის პლანტაციები ეკალ-ბარდებით დაიფარა, ფაბრიკა-ქარხნები ნანგრევებად იქცა. ციტრუსიდან მიღებული შემოსავალი მიზერულია. რაიონში თითქოს დრო გაჩერდა, იქ მცხოვრები ადამიანები უფუნქციოდ დარჩნენ.

ერთადერთი ნათელი წერტილი მათთვის ქართული ცეკვის ანსამბლია, რომლის ისტორიაც სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჯუმბერ დონდუა სხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე იყო. კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და საკუთარი ანსამბლი შექმნა.

მამის გზა გააგრძელა მისმა შვილმა – კობამ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ყოველ კვირას უწევს ოზურგეთსა და თბილისს შორის მოგზურობა – თბილისში მას საკუთარი ანსამბლი ჰყავს, ხოლო ოზურგეთში მამას ეხმარება რეპეტიციების ჩატარებაში.

ანსამბლში უკვე რამდენიმე თაობა აღიზარდა. გურულ ბავშვებს ზამთარსა და ზაფხულში, წვიმასა და ყინვაში, სხვადასხვა სოფლიდან ხშირად, ფეხით უწევთ სტუდიაში მისვლა. ცეკვა არ არის მათთვის უბრალო გართობა, ეს ერთადერთი შანსია, გაექცნენ ერფეროვან ყოველდღიურობას და შეცვალონ საკუთარი ბედი. მათი უმრავლესობის მთავარი ოცნება, სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლში მოხვედრაა, რომელიც მათთვის ახალი სამყაროს გასაღებია.

ფილმში ნაჩვენებია ორი მოცეკვავის ისტორია, რომელთაც ერთნაირი გზა, საერთო მიზანი ჰქონდათ. ერთმა შეძლო სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრა, ხოლო მეორე, მიუხედავად დიდი სურვილისა და მონდომებისა – ოზურგეთის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ფილმის გადაღების დროს ჯუმბერ დუნდუა გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მთლიანად შეცვალა როგორც ფილმის მსვლელობა, ასევე, მისი შვილის, კობას ბედი.  იგი სერიოზული დილემის წინაშე დადგა – დარჩეს თბილისში და მის მიერვე დაარსებული ანსამბლი განავითაროს, თუ სამუდამოდ გადმოვიდეს ოზურგეთში და მამის დატოვებულ სახელმწიფო ანსამბლს უხელმძღვანელოს?!

სწორედ ფილმიდან შეიტყობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კობა; როგორია ოზურგეთის დღევანდელი ყოფა და როგორ იბრძვიან ადამიანები საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ  შესაცვლელად.

სცენარის ავტორი: ნინო კაკაურიძე, რეჟისორი: ბესიკ გაფრინდაშვილი.

  

დატოვე კომენტარი