საქართველოს რადიო 101 წლისაა
საქართველოს რადიო 101 წლისაა – ის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი რადიოსადგურია. მისი შექმნა და განვითარების ეტაპები მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სახელმწიფოებრიობის ისტორიასთან. საქართველოში რადიოს საცდელი მაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს დაიწყო და უკვე მთელი საუკუნის ხმოვან მატიანედ იქცა. რადიომ ათწლეულების განმავლობაში შემოინახა უნიკალური აუდიომასალა – ქართველი და უცხოელი მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერებისა და პოლიტიკოსების ორიგინალური ხმები, უნიკალური სპექტაკლები და მუსიკალური ჩანაწერები.
საქართველოს რადიოს შარშან 100 წელი შეუსრულდა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საუკუნეზე მეტია, რაც ეს მედიასაშუალება საქართველოს ყოველდღიურობის, კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია.