საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ასევე ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული, განიკურნა 785.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ 82 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა.
რაც შეეხება დღეს დადასტურებულ შემთხვევებს, ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთს კი კოვიდ-19-ის დიაგნოზი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში დაუსვეს, ის ბოჭორიშვილის კლინიკის სანიტარია. ინფექციურ კლინიკაში სულ 24 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში კი, კოვიდდადებითი ერთი პაციენტი რჩება, რომელიც 17 მაისიდან მკურნალობს და 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერს განეკუთვნება.