ყირიმ-კონგოს ვირუსის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევების გამო, პირუტყვის სპეციალური ხსნარით დამუშავება დაიწყეს სპეციალისტებმა. ყირიმ–კონგოს შემთხვევები გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის სამ სოფელში. შეგახსენებთ, რომ წელს დაავადების პირველი შემთხვევა 28 აპრილს, სოფელ მუსხში დაფიქსირდა, ინფექცია 23 წლის კაცს დაუდასტურდა, იგივე სიმპტომები პირველ მაისს სოფელ ტოლოშში მცხოვრებ 62 წლის კაცს გამოუვლინდა, მესამე შემთხვევა 5 მაისს, სოფელ ნაქურდევში დაფიქსირდა. ცხელება 58 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. გარდა ამ შემთხვევებისა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 45 წლის ქალი.