საქართველო კორონავირუსის მეშვიდე ტალღის ზღვარზე

ქვეყანა კორონავირუსის მეშვიდე ტალღის ზღვარზეა.

რეგულაციების პრაქტიკულად მოხსნის ფონზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება. თუ კვირის შემაჯამებელ მონაცემებს დავეყრდნობით, 28 ივნისიდან დღემდე „კოვიდ-19“ 2 600-მდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც ნიშნავს, რომ წინა კვირის სტატისტიკა გაორმაგებულია და დღეში საშუალოდ 350 ახალი შემთხვევა ვლინდება. ბოლო თვეების განმავლობაში დღიური მაჩვენებელი 80-100-ის ფარგლებში მერყეობდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მატება აისახა ჰოსპიტალურ სექტორზეც, გართულებების გამო მიმართვიანობა გაზრდილია. ზოგიერთ კლინიკას კი, სადაც მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმი მოქმედებს, კოვიდ-საწოლების დამატება უწევს. საქართველოში ძირითადად „ომიკრონის“ შტამის ორი სახეობა – B2 და B5 ცირკულირებს, რომლებიც გადადების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მოქალაქეების მიმართ ეპიდემიოლოგების მთავარი მოწოდება ნიღბების ტარება და ვაქცინაციის ბუსტერ-დოზის გაკეთებაა.