ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია ჩინურ ვაქცინებს, თუმცა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯანმო-ს ექსპერტებმა უკვე გამოაქვეყნეს. პროცედურის მიხედვით, ავტორიზაციის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლოს იქნება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის მიხედვით, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 78,1 პროცენტია. ამ ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ ცდების დროს „სინოფრამის“ ვაქცინას მწვავე ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი არ გამოუწვევია. რაც შეეხება „სინოვაკის“ ვაქცინას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ეფექტურობა 67 პროცენტია, ხოლო სიკვდილიანობა 80 პროცენტით არის შემცირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში „სინოვაკის“ ვაქცინის ორი დოზა ახდენს „კოვიდ-19“-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებს.

მოამბე