ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ანტიდეპრესანტული მედიკამენტი „ფლუვო-ქსამინი“ „კოვიდ-19“-ით მაღალი რისკის მქონე ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციას ამცირებს. მედიკამენტი ჩვეულებრივ დეპრესიის და ობსესიურ-კომპულსორული აშლილობის წინააღმდეგ გამოიყენება და ანთებით პროცესს ამცირებს. მკვლევრებმა შედეგები აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს გაუგზავნეს და იმედოვნებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებენ. რეკომენდაციის შემთხვევაში, „კოვიდ 19“-ის კურსის ფარგლებში, მედიკამენტი ოთხი დოლარი ეღირება. აცრის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ინფიცირების უჩვეულოდ მაღალი მატება დადასტურდა სინგაპურში, სადაც მოსახლეობის 84 პროცენტია აცრილი. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები შეამსუბუქეს ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კომპანია „მოდერნას“ ვაქცინით მოზარდების აცრა შესაძლოა უახლოეს კვირებში დაიწყოს.