ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

„ომიკრონი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი, თუმცა ის საშიშ ვირუსად რჩება, განსაკუთრებით არავაქცინირებულებისთვის“-  ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 15 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც „ომიკრონის“ გავრცელებით არის გამოწვეული და თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე „დელტა“ ვარიანტის „ომიკრონით“ ჩანაცვლება ხდება. მან ქვეყნებს ვაქცინების გაზიარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 90-ზე მეტმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მოსახლეობის 40 პროცენტის ვაქცინაცია, ხოლო აფრიკაში, მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტს ჯერ არ მიუღია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა, რამაც ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენის რისკები გაზარდა.