აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა

მარნეულში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ისინი სკოლისთვის ავტორიზაციის აღდგენას ითხოვენ, უკიდურეს შემთხვევაში კი, საგაზაფხულო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე ფუნქციონირების უფლებას. მშობლები ასევე უარს აცხადებენ შეთავაზებაზე – შვილები მარნეულში მდებარე სხვა სკოლებში მობილობით გადაიყვანონ. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, საბჭომ ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო და ძალაში 8 მარტიდან შევა. როგორც სკოლის ადმინისტრაციამ განმარტა, მათ ხარვეზების გამოსწორება შეძლეს, თუმცა საბჭომ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. აქციის დასრულების შემდგომ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლის ადმინისტრაციითა და მშობლებით დაკომპლექტებულ ჯგუფთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო.

გადავადდება თუ არა სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების პროცესი, ცნობილი სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ გახდება.