საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კი საქმესთან დაკავშირებით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გამოძიების ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე, მაგომედ გუციევია, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, ის სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს. პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება.