შემთხვევა თბილისის 164-ე ბაღში

თბილისის 164-ე ბაგა-ბაღში მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბაღების მართვის სააგენტოსთან კონკრეტული მოთხოვნით შეიკრიბნენ. ისინი დირექტორის და ყველა იმ პირის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროებაზე საუბრობენ, ვინც მალავდა სავარაუდო ძალადობის ფაქტს.

მშობლების ინფორმაციით, აღმზრდელის თანაშემწე სცემდა სამი წლის ბავშვს, რეაგირება კი დირექციამ მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა, რაც ძალადობის მსხვერპლი დირექტორის შვილიშვილიც გახდა. მშობლების ინფორმაციით, ფაქტი 7-8 ნოემბერს მოხდა და მისი ამსახველი კადრების მხოლოდ ფრაგმენტები აქვთ ნანახი. მოთხოვნათა შორისაა კამერების ჩანაწერების სრული ვერსიის მიწოდება და ერთ-ერთი მშობლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

ბაღების სააგენტოს საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ადასტურებენ, რომ აღმზრდელის თანაშემწე სამსახურიდან გათავისუფლებულია და ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს.