გაბრიაძის თეატრი „ევროპალია-საქართველოზე“

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ გრძელდება. 18 და 19 ოქტომბერს ბრიუსელში მაყურებელმა თბილისის მარიონეტების თეატრის სპექტაკლი, „ალფრედი და ვიოლეტა“ იხილა. მანამდე, 16 ოქტომბერს, წარმოდგენა ორჯერ გაიმართა საფრანგეთის ქალაქ ვალანსიენში.

სპექტაკლში გადმოცემულია მარადიული სიყვარულის ამბავი, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმას რომანიდან „ქალი კამელიებით“ და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“, თავის დროზე რეჟისორმა და სცენარისტმა რეზო გაბრიაძემ განსხვავებული ინტერპრეტაციითა და მხატვრული გადაწყვეტით შემოგვთავაზა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი რეჟისორ ლეო გაბრიაძის მიერ განახლებული სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდა თეატრს.