ხმაური იყო დღეს გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უკანონო მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობის განცხადებით, რეკრეაციულ ზონაში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან სკვერისთვის და საბავშვო მოედნისთვის ადგილი აღარ რჩება.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული პრობლემა არამარტო კონკრეტულ ქუჩას, არამედ მთელ დიდ დიღომს ეხება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არის გაცემული. მათი განმარტებით, თბილისის მერიის მოთხოვნით, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის გაუმჯობესება და სტადიონის მოწყობაა დაგეგმილი. აქციას დღეს თბილისის მერიაშიც გამოეხმაურნენ.