მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების საპროტესტო აქცია

გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ მფლობელობაში არსებულ მიწებს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მერიაში წარდგენილი ჰქონდათ განაშენიანების გეგმა, რასაც მერია დათანხმდა, თუმცა, რამდენიმე თვეში ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა. მიწის მესაკუთრეები აღნიშნული სტატუსის მოხსნას ან ნაკვეთების ადგილმონაცვლეობას ითხოვენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

აქციას პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძეც შეუერთდა და მიწის მესაკუთრეების პრობლემები მოისმინა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ტბის დამცავ ზოლს და ტერიტორიაზე განაშენიანება კანონით რეგულირდება. ასევე, მერიის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეებს მშენებლობის უფლება არასდროს ჰქონიათ.