რუსეთში შიდა პოლიტიკური მღელვარება მძაფრდება. ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვზე ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლაც. მოწამლიდან ხუთ თვეში გერმანიიდან დაბრუნებულ და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის აეროპორტშივე დაკავებულ რუს ოპოზიციონერ ლიდერს ცოტა ხნის წინ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. პოლიციის შენობაში მიმდინარე სასამართლო პროცესმა აქციის ფონზე ჩაიარა. რუსეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი, რომელიც გერმანელი ექსპერტების დასკვნით, „ნოვიჩოკის“ ტიპის სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური შხამით მოწამლეს, მისი მკვლელობის მცდელობის შეკვეთაში რუსეთს, დანაშაულის შესრულებაში კი რუსეთის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს ადანაშაულებს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს პუტინს „ბუნკერში მყოფი ბაბუ“ უწოდა და მხარდამჭერებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.