EMC-მა სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების პროცესში ხარვეზები გამოავლინა
ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” კვლევის მიხედვით, სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების პროცესში რიგი ხარვეზები გამოვლინდა. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” წარმოადგინა მიმოხილვის დოკუმენტი, სადაც საუბარია საქმეების განაწილების სისტემაზე. ეს დოკუმენტი აფასებს 2017 წლის 31 დეკემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასამართლოებში საქმეების განაწილების ახალი სისტემის ფუნქციონირებას.
დოკუმენტის ავტორების თქმით, ძირითად გამოწვევებს შორისაა არასისტემური და ფრაგმენტული ცვლილებების განხორციელება, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებს შენარჩუნებული აქვთ ბუნდოვანი უფლებამოსილებები. ორგანიზაციის ხელმძღვანელ სოფო ვერძეულს მიაჩნია, რომ პრობლემაა ასევე, როდესაც კანონში დეტალურად არ არის გაწერილი საქმეების განაწილების საკითხი და ამ წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.
დოკუმენტის პრეზენტაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ესწრებოდა, ნინო გვენეტაძის განცხადებით, არსებობს ხარვეზები, თუმცა ამ საკითხების გადასაჭრელად მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა.