შეფასებები შსს-ს ინიციატივაზე

მარიხუანის მოხმარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას უფლებადამცველთა ნაწილი დადებითად აფასებს და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია, თუმცა საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილი ინიციატივა ჯერჯერობით ბუნდოვანია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობენ კანონმდებლებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. დაისჯადი იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო უფრო მკაცრად დაისჯება პირი თუ ის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილს მართავს.