შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს ხვალ საქართველოს პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან დაგეგმილ გაფართოებულ შეხვედრაზე შეაჯამებს.

პრეზიდენტის მრჩევლებმა კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვდნენ აკადემიურ წრეებსა და „ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ კანდიდატს სექტემბრის ბოლომდე შეარჩევენ და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან.